თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე, საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პრომეთე, სოსო ბლიაძის ნამუშევარს "ჩემი ოთახი" გადაეცა.
კინოთეატრ "ამირანში" 1 კვირის განმავლობაში სულ 94 ფილმის ჩვენება მოეწყო. მაყურებელს საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალზე ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
"ჩემი ოთახი" - ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ტიტული მოიპოვა. ამბავი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ გოგონაზე პანდემიის პერიოდს და მასთან ერთად, მათი ცხოვრების გარდამტეხ ეპიზოდებს ასახავს. თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელმა პრობლემებმა საერთაშორისო ჟიურის მოწონება დაიმსახურა. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა.
თეკლა ასლანიშვილის ფილმმა "სახელმწიფო სახელმწიფოში" სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. რეჟისორისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან ნაწარმოები ტრადიციული დოკუმენტური ფილმის ხაზს არ მიჰყვება, და ექსპერიმენტული ხასიათისაა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მასშტაბურობაზე ისიც მეტყველებს, რომ წელს ღონისძიებას ევროპის კინოაკადემიის ხელმძღვანელი, პოლონელი რეჟისორი, აგნიეშკა ჰოლანდი სტუმრობდა.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ევროპული და მსოფლიო კინოს გამორჩეული ნამუშევრებიც. კინოთეატრ "ამირანის" 4 დარბაზში სულ 100-მდე ფილმის ჩვენება მოეწყო.