ომის 292-ე დღეს ოკუპანტს დიდი დანაკარგი აქვს. უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევის შედეგად განადგურებულია მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა დონეცკის ოლქის მარიინკას დასახლებაში. ლუგანსკში კი აფეთქებულია სასტუმრო, რომელსაც რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი აფარებდა თავს.
მასშტაბური შეტევა აწარმოეს უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლის მიმართულებითაც. სარესტორნო კომპლექსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 200 ოკუპანტი დაიღუპა. კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც, რასაც უკრაინის თავდაცვის უწყება კატეგორიულად გამორიცხავს.
მშვიდობიან მოსახლეობას უტევს ოკუპანტი. ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. აგრესორმა ამჯერადაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა. დაზიანდა ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ავტომობილი. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მაშველებს, რომლებიც ბახმუტის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ. მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბა აგრესორმა ხერსონში. დაიღუპა 1 - დაშავდა 4 მშვიდობიანი.
გრძელდება მუშაობა ენერგეტიკული ობიექტების აღსადგენად. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ყოველდღიურად ავიაიერიშის საფრთხის მიუხედავად 2000-ზე მეტი სპეციალისტი ელექტროენერგიის და სასმელი წყლის აღდგენის პროცესშია ჩართული. ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია ოდესის ოლქში.
პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, იმ დასახლებების რეაბილიტაციაა, რომელიც ოკუპანტმა მიწასთან გაასწორა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია რამდენიმე ათასი საცხოვრებელი ზონა, ათეულობით ქალაქი და სოფელი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. თუმცა, მათ ნაცვლად უკრაინის მთავრობა ახალი კომპლექსების მშენებლობის პირობას დებს. დათვლილია თანხაც, რომელიც ამ მიზნებს მოხმარდება. ამ დროისთვის საუბარია 750 მილიარდ დოლარზე.