27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
63 წლის მამაკაცმა საკუთარი რძალი არასრულწლოვანი შვილიშვილების თვალწინ მოკლა - "კურიერის" ინფორმაციით, რძალსა და მამამთილს შორის კონფლიქტის შესახებ იცოდნენ ნათესავებმაც

საძინებელი ოთახიდან გამოსულ თამარ ჯიქიძეს, მამამთილმა სანადირო თოფიდან, ზურგში ესროლა. სასტიკი დანაშაულის დროს სახლში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ. 12 და 9 წლის ბიჭებმა მოკლული დედა პირველებმა ნახეს, შეშინებულმა ბავშვებმა საშველად მეზობლებს დაუძახეს. 40 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობამდე რძალს და მამამთილს კონფლიქტი მოუვიდათ. 40 წლის ქალმა ლევან ბალახაძეს სიმთვრალის გამო შენიშვნა მისცა. რამდენიმე წუთში კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 63 წლის მამაკაცმა სანადირო თოფი აიღო და თამარ ჯიქიძე სასიკვდილოდ გაიმეტა.

"კურიერის" ვერსიას, რომ ლევან ბალახაძეს ალკოჰოლის გამო რძალთან კონფლიქტი ჰქონდა, ადგილობრივებიც ადასტურებენ. მეზობლები ჰყვებიან, რომ 63 წლის მამაკაცი ხშირად სვამდა და აგრესიული იყო.

რძალს და მამამთილს შორის კონფლიქტის შესახებ იცოდნენ მოკლული ქალის ნათესავებმაც. "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში დეიდა ყვება, რომ ლევან ბალახაძეს სიმთვრალის ფონზე ფსიქიკური პრობლემები უმწვავდებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბალახაძეების სახლიდან პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე თვის წინაც შევიდა, თუმცა ძალადობის ფაქტზე არა. როგორც "კურიერმა" გაარკვია, მაშინ ოჯახი 63 წლის მამაკაცის ფსიქიატრიულში გადაყვანას ითხოვდა. გავრცელებული ვერსიით, მან კლინიკაში მკურნალობის კურსიც გაიარა.

ლევან ბალახაძე სამართლადმცველებმა გუშინვე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც - სანადირო თოფი. ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის ოფიციალურ მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას რძლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ბალახაძეს ადვოკატი უკვე შეხვდა.

ლევან ბალახაძემ, გამოძიების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები