27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
"ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდებს ჯარიდან ვეღარ გაათავისუფლებს - სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა და თავდაცვის ახალი კოდექსი

23 წლამდე სტუდენტები 2025 წლის 1 იანვრიდან სწავლის პარალელურად სავალდებულო სამსახურსაც გაივლიან. ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე, ახალგაზრდები, სურვილის შემთხევაში, სამხედრო ბაზებზე მოემზადებიან. ცვლილებებს თავდაცვის ახალი კოდექსი ითვალისწინებს. პროექტი მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს.

რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, სამხედრო სამსახურში გაწვევას თავდაცვის უწყება განახორციელებს. ამისთვის რეგიონებში თავდაცვის ცენტრები აშენება. პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. შედეგად, ქვეყანას 100 000-ზე მეტი რეზერვისტი ეყოლება. 

თავდაცვის ახალი კოდექსი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. "გირჩის" რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი ვეღარ იქნება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. "გირჩის" ბიბლიური თავისუფლების ე.წ. ეპისკოპოსები და სასულიერო პირები კი, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი გუნდისთვის, ბიბლიური თავისუფლების შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი სავალდებულო სამსახურის გაუქმებაა.

თავდაცვის ახალი კოდექსი საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტი სამხედროების საჭიროებებზეა მორგებული. პროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

თავდაცვის ახალი კოდექსით გაუმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები. დარეგულირდება ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზარალებული სამხედროების კომპენსაცია და 7000-ის ნაცვლად 20 000 ლარი გახდება. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევაში კი კომპენსაცია 30 000 ლარი იქნება. 100 000 ლარი რჩება კომპენსაცია ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის. ინიციატივა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო.

 

დღის ამბები