27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის პორტზე წინასწარ შეთანხმებული პირობები მხოლოდ მთავრობამ დაარღვია

ანაკლიის პორტი ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. მსხვილი პროექტის 51 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრება იქნება - ეს მთავრობის სხდომაზე ითქვა, სადაც პრემიერმა ძველი ინვესტორები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

განცხადებებს ტყუილი უწოდა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, წინასწარ შეთანხმებული პირობები მხოლოდ მთავრობამ დაარღვია. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო პირობები ამ თვის ბოლოსთვის უკვე ჩამოყალიბებული იქნება - ხელისუფლება უშუალოდ მშენებლობის დაწყებას 2023 წელს გეგმავს.

"ანაკლიაში იქნა ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული და ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში. მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი დოლარის ინვესტირება, რომელიც ასევე დადასტურებულია.

თითქოს თავის დროზე კონსორციუმი სახელმწიფოსგან ითხოვდა გარანტიას და სანაცვლოდ არაფერს არ სთავაზობდა, სინამდვილეში ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონი დოლარის გარანტიას და თუკი ინვესტორები, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონის გარანტიას. რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი," - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, ინვესტორებმა ვერ შეძლეს განეხორციელებინათ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სახელმწიფო იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა.

"თავის დროზე ვერ განხორციელდა ანაკლიის პროექტი იმის გამო რომ ინვესტორებმა ვერ შეძლეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ეს იყო მიზეზი რატომაც სამწუხაროდ საჭირო გახდა ხელშეკრულების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს. ინვესტორის, ასე ვთქვათ ბენეფიციარი მესაკუთრეები მათ შორის იყვნენ ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე და რა თქმა უნდა ინვესტორის მოვალეობა იყო რომ შეესრულებინა საინვესტიციო კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ვერ შესრულდა, რის გამოც სახელმწიფო იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა," - განაცხადა დაუშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანა ვერ გაუძლებს პროექტის შესასრულებლად საჭირო საგარეო ვალის ტვირთს.

"ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება მრავალი წელიწადი ვინც არ უნდა ჩაერიოს, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო ინვესტიცია, 5-6 წელიც კი არ იქნება საკმარისი. განცხადება იმის თაობაზე რომ ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო, ეს არის მავნებლური. როდესაც ამბობს ამას მთავრობა და აკეთებს, ეს ნიშნავს რომ მთავრობა იღებს ვალს და შემდეგ უკვე ფული არ იხარჯება განათლებაზე, სოციალურ საკითხებზე, ჯანდაცვაზე და ა.შ, ვინაიდან ამოდენა საგარეო ვალის ტვირთს ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს, ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა," - განაცხადა გოცირიძემ.

დღის ამბები