ირანის ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილე სიკვდილით საჯაროდ დასაჯა. უცხოური მედიის ცნობით, 23 წლის მაჯიდრეზ რახნავარდი ირანის ქალაქ მეშხედში ჩამოახრჩვეს.
მას სიკვდილით დასჯა "ბასიჯის" ორი სამართალდამცავი პირის მკვლელობასა და ოთხი ძალოვანი პირის დაჭრის გამო მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 24 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც ცნობილია, ირანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა აქციის 24 მონაწილის სია, რომლებსაც ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში ედებათ ბრალი. ისლამური კანონების თანახმად კი, აღნიშნული ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
სიაში ერთ-ერთი, რეპერი მოჰსენ შეკარი იყო, რომელიც 8 დეკემბერს დასაჯეს.
ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ზნეობის პოლიციამ დააკავა, რამდენიმე დღეში კი გოგონა გარდაიცვალა.