თბილისში მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა - სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეიცვალა გზის საფარი და საკომუნიკაციო ქსელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირი ორმხრივი გახდა, მოეწყო ველობილიკებიც. სამუშაოებზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. დამატებით თანხები გამოიყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინა ტერიტორიის სრული მოწყობისთვის.
51-ე საჯარო სკოლის ტერიტორიიდან ვერის პარკის მიმართულებით ფეხით მოძრაობა უსაფრთხო გახდა. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მიწისზედა გადასასვლელი მოეწყო და ქვეითებისთვის გზის გადაკვეთა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გამოიცვალა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე სანათები, გზის სავალ ნაწილზე სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. მელიქიშვილის განახლებული გამზირი ოფიციალურად დღეს გაიხსნა, შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა თავად შეამოწმა.
პროექტის ფარგლებში ავტობუსის ზოლები გამზირის ორივე მხარეს მოეწყო. საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის ტრაექტორიაც შეიცვალა. ავტობუსებს და მიკროავტობუსებს ვაკეში გადაადგილება გმირთა მოედნის საშუალებით აღარ უწევს, ტრანსპორტი პირდაპირ მელიქიშვილიდან ჭავჭავაძის მიმართულებით მოძრაობს. ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ გზის შუა ნაწილზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ახალი მოსაცდელები და ველობილიკები.
მელიქიშვილის გამზირზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამწვანდა შუა გამყოფი კუნძულები, მოეწყო აბაშიძის სახელობის სკვერი, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.