27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ნიკა მელია ხაშურში ნამყოფი არ არის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე გაკვირვებულია ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რომ ნიკა მელია ხაშურში ნამყოფი არ არის.

ბაჩო დოლიძის თქმით, კამპანიის პროცესში "კანდიდატებმა სახე არ უნდა დაკარგონ".

"არადა, ხაშურში ერთად ვიყავით ჩასულები, მეგობრებთან ერთად, მათ შორის ნიკაც იყო. ტყუილს როცა იძახი, ზოგადად, არ გიხდება ასეთი ტყუილის თქმა. მე ცოტა გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით, ცოტა არა, ძალიან გაკვირვებული ვარ, არ დაგიმალავთ, გუშინდელი პოლიტსაბჭო მესმის რომ მძიმე იყო მათთვის. ამ ფორსირებული პროცესების მიმდინარეობისას მათ რომ ჰქონოდათ უმრავლესობა, დამიჯერეთ, კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებდნენ.

გუშინ პოლიტსაბჭომ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ამ პროცესს სჭირდება პროფესიონალურად და კვალიფიციურად დაგეგმვა და არა ასეთი ბრიფინგები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ვფიქრობ ყველას მიუჩინა ადგილი გუშინდელმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ და ძალიან მკაფიო ხაზი გაესვა იმას, რომ ახლა, მე ვფიქრობ, კამპანია ისე უნდა ატარონ თვითონ კანდიდატებმა, რომ სახე არ უნდა დაკარგონ.

აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი, ასივე პროცენტით იყო დაკმაყოფილებული," - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები