ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, კვლავ რთული ვითარება რჩება უკრაინის არაერთ რეგიონში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს.
"ჩვენი ქვეყნის სამხრეთით სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება - ყველაფერს ვაკეთებთ ოდესისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. ამ დროისთვის, მოვახერხეთ მიწოდების ნაწილობრივი აღდგენა ოდესაში, ოლქის სხვა ქალაქსა და რაიონებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული დარტყმების შემდეგ მაქსიმუმს მივაღწიოთ. კიევი, ლვოვის ოლქი, ვინიცის ოლქი, ტერნოპოლი, ჩერნივცი, ზაკარპატია, სუმის ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი - მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა," - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, აანონსებს, რომ მიმდინარე კვირა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია დიდი შვიდეულის შეხვედრა, უკრაინის აღდგენის კონფერენცია საფრანგეთში და შეხვედრები ევროკავშირში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა უპრეცედენტო თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებსაც. ზელენსკიმ და ერდოღანმა შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.