27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ვინ იყო ლესია უკრაინკა - როგორ გახდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოეტი ორი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო

"შე­უძ­ლე­ბე­ლია იცხოვ­რო ასეთ მშვე­ნი­ერ მხა­რე­ში და არ იყო პო­ე­ტი. მე დიდ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ ჩემს სამ­შობ­ლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. როცა ალაზ­ნის ხე­ო­ბას ვუ­ყუ­რებ, დნეპ­რის სა­ნა­პი­რო მახ­სენ­დე­ბა..." - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტორს ლესია უკრაინკას 25 თე­ბერ­ვალს 151 წელი შე­უს­რულ­და, მაგ­რამ ეს თა­რი­ღი წელს არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, რად­გან ერთი დღით ადრე - 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია და­ი­წყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლე­სია უკ­რა­ინ­კა, იგივე ლა­რი­სა კო­საჩოვა-კვიტ­კა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლოა.

განუკურნებელი სენით დაავადებულმა პოეტმა ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებისას არაერთი დრამატული ნაწარმოები შექმნა და უკრაინელებს და ქართველებს მისი შემოქმედების სახით უდიდესი საგანძური დაგვიტოვა.  

"მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი" - ეს სიტყვები - მას ეკუთვნის. ასეთი სიყვარული საქართველოს მიმართ, შემთხვევითი არ ყოფილა. იმ ხანმოკლე და საკმაოდ მძიმე 42 წლიდან, რომელიც იცოცხლა, მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოში გაატარა. ლესია უკრაინკა რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდა და თავისი საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები, "რუფინი და პრისცილა", "ტყის ზღაპარი" და "ქვის ბატონი" შექმნა.

სურამი ლესიასთვის გამორჩეული ადგილი იყო. მშრალი, ნოტიო ჰავა, წიწვოვანი ტყე - მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. აქაური კლიმატი ტუბერკულოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად სჭირდებოდა.

მძიმე სენთან ბრძოლა, გამოჩენილმა პოეტმა, 1913 წლის 1 აგვისტოს ტრაგიკულად დაასრულა. მისი ნეშტი მის პირველ სამშობლოში გადაასვენეს და კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მას შემდეგ ლესია უკრაინკა, ერთი პატარა დაბის სიმბოლო გახდა, სადაც მის სახელს გამორჩეულად უფრთხილდებიან და განსაკუთრებულად უყვართ. აქ მისი სახელობის სკოლას, ქუჩას, სკვერს და სარეაბილიტაციოდ გამზადებულ სახლ მუზეუმს შეხვდებით.

სურამში, წელიწადში ორჯერ, ლესიაობა აღინიშნება, რატომაც ამ დაბას, ყოველ წელს, არერთი ადამიანი სტუმრობს, პოეტის სახელს პატივს მიაგებს და საზოგადოებას, ამ ადამიანის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ ახსენებს.

ლესია უკრაინკას ხანმოკლე ცხოვრებაზე ფიქრისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს დავით გურამიშვილი, რომელიც საცხოვრებლად უკრაინაში წავიდა. ეს ორი ხელოვანი, ამ ორი ქვეყნის იმ უხილავ ჯაჭვთაგან ერთ-ერთია, რომელიც მათ ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები