საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ეკლესია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული მე-19 საუკუნით თარიღდება.
ნაგებობისგან მხოლოდ სამრეკლო და ნანგრევები იყო შემორჩენილი. ფონდი "ქართუს" მხარდაჭერით მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და ტაძარს ისევ დაუბრუნდა ძველი იერსახე.
ტაძრის საზეიმო გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
"ძალიან დიდი სიხარულია დღეს ოზურგეთში. ძველი ტაძარი, სამწუხაროდ კომუნისტების დროს დანგრეული აღდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ. ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ტაძარი ააგო და გვერდში დაუდგა, მინდა დავლოცო," - განაცხადა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებ (კიკვაძემ)