ბახმუტი ამომწვარ ნანგრევებად რუსულმა იარაღმა აქცია. მუდმივი თავდასხმის ფონზე ქალაქი ფაქტობრივად უკვე განადგურებულია.
ბახმუტის მსგავსად უმძიმესი მდგომარეობაა მთლიან რეგიონში. განსაკუთრებით კი, დონბასის ოლქის ქალაქებში სოლედარში, მარინკასა და კრემენში. ამ დასახლებულ პუნქტებში არ დარჩა ისეთი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც არ დაზიანებულა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მძიმე არტილერიის გამოყენებით დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლისა და მარგანეცის რაიონები. დაშავდა 4 ადამიანი. აგრესორის ჭურვი მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც. დაზიანებულია გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.
რუსულ აგრესიას უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღიურად ეწირებიან. ოკუპანტებს მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ინფრასტრუქტურაც აქვს ამოღებული.
ომის 290-ე დღეს უკრაინული მხარე თავდაცვითთან ერთად შეტევით ოპერაციებსაც აქტიურად განაგრძობს.
მასშტაბური საჰაერო თუ სახმელეთო შეტევების მოგერიების პარალელურად, უკრაინაში პრიორიტეტად კვლავ ენერგეტიკული კრიზისის მოგვარება რჩება. ყველა ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის კიევშიც, მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ქვეყანაში არსებული ყველა თბო და ჰიდრო- ელექტროსადგური დაზიანებულია.
რუსეთი კვლავ განაგრძობს ირანული წარმოების დრონების გამოყენებას. ბოლო 24 საათი განმავლობაში, უკრაინამ ასეთი 10 ჩამოაგდო. მტერი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას "კამიკაძე" დრონებით ხერსონის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ცდილობდა.