27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ოჯახთან და ექსპრეზიდენტთან შეუთანხმებლად გავრცელებული ფოტოები და მიხეილ სააკაშვილის მოლოდინი 14 დეკემბრის პროცესზე - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქალაქო სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, მისი უფლებადამცველები სტრატეგიაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. ყველა მოთხოვნას, რომელსაც სასამართლოში დააყენებენ, ადვოკატები ექსპრეზიდენტთან ათანხმებენ. რამდენიმე დღეში ჩანიშნულ სხდომას პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი სავარაუდოდ დისტანციურად, კლინიკა "ვივამედის" პალატიდან დაესწრება.

"ვინც ფოტო გაავრცელა მტრული განზრახვა ჰქონდა" - გიული ალასანიას ეს განცხადება გადამწყვეტ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს გავრცელებას მოჰყვა. "ფორმულას" მიერ გამოქვეყნებული კადრი, სავარაუდოდ აგვისტოში, "ვივამედის" პალატაშია გადაღებული. გიული ალასანიას შეფასებით, მედიის წყაროს მიერ ფოტოს ახლა გავრცელება მიუღებელია, რადგან დღეს მისი შვილი გაცილებით მძიმედ არის. ირკვევა, რომ კვლევის დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოები საქმის მასალებშიც დევს.

ადვოკატების მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან სააკაშვილის თანაგუნდელებიც. თუ მოსამართლე შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს. გადადებული სხდომის შემდეგ პარტიის ლიდერები გეგმის დეტალებს არ ახმაურებენ. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოწოდებით პოლიტიკური განცხადებები დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ გაუკეთებია. კომენტარები გაკეთდა სხვა ოპოზიციურ პარტიებში.

მანიპულაცია მიუღებელია, საკითხზე კი ექიმებმა და სასამართლომ უნდა იმსჯელონ - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლოს 9 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა რამდენიმე მოტივით გადაიდო. თუ კი სხდომაზე მისვლა ვერ შეძლო, სასამართლო უზრუნველყოფს, რომ 14 დეკემბერს ჩანიშნულ პროცესს სააკაშვილის დისტანციურად, ვივამედის პალატიდან დაესწროს.

დღის ამბები