27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
როგორც კი დავინახავთ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის გარეშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს - შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ომბუდსმენობის კანდიდატი, რომელზეც საუბარი იქნება, ყველასთვის მისაღები იყოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, გადამწყვეტი ხმები "ქართულ ოცნებას" აქვს. 

"გადამწყვეტი ხმები აქვს "ქართულ ოცნებას" და საჭიროა, რომ სწორედ ასე მიუდგეს ოპოზიციაც, მნიშვნელოვანია რომ კანდიდატი, რომელზეც გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარი არის "ქართული ოცნების" დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კვლავ კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავთ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის გარეშემო, იმ მომენტში კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები დაწყებულია.

"დაწყებულია პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები. იმისათვის, რომ შეჯერდეს პოზიცია თუ ვის შეიძლება გამოეცხადოს ნდობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ეს პროცესები დაწყებულია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები და ამის შემდგომ, როდესაც შევაჯერებთ პოზიციებს ან გვექნება დამატებითი სიახლე მედიისთვის, ამას გაგიზიარებთ,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირიდან პოლიტიკურ პარტიებს შორის სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. მხარეებმა საერთო კონსესუსამდე მისვლა უნდა შეძლონ, რათა ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი ჰყავდეს. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2 დღის წინ ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩვას დეპუტატების 90 ხმა სჭირდება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კონსესუსს მოითხოვს.

დღის ამბები