27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ენმ-ს სახით ქვეყანას ყავს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დესტაბილიზაციას ჰპირდება ხალხს-ალუდა ღუდუშაური

ვინ გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე -  პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადებიან. ერთი თანამდებობა, სამი კანდიდატი და პოლიტიკური ამოცანა - ბრძოლა გავლენებისთვის გადამწყვეტ ფაზაშია.

პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის ლიდერები ხვალ სამ საათზე შეიკრიბებიან და შიდაპატრიული არჩევნების ჩატარების წესსა და თარიღს დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, ოფიციალურად თავმჯდომარეობის მსურველების რეგისტრაცია და წინასაარჩევნო პროცესიც ოფიციალურად დაიწყება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის. 

"ენმ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ეს პარტია არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს. იქ ხდება ძალთა გადანაწილება, ვის ექნება უფრო რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა,"- აცხადებს ოხანაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კრახისთვისაა განწირული. 

"მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს წარსული გამოცდილებიდან. ენმ-ს სახით ქვეყანას ყავს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დესტაბილიზაციას ჰპირდება ხალხს. ენმ-ში მიმდინარე პროცესები მეტყველებს იმაზე რომ ამ პოლიტიკური ძალის კრახი გარდაუვალია," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტსაბჭო იქნება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტსაბჭო იქნება, სადაც ბევრი რამე გახდება ცნობილი, მათ შორის ხმის მიცემა იქნება ფარული თუ ღია. ჩემი ვარაუდით, სავარაუდო თარიღი იქნება იანვრის დასაწყისი," - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები