27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
მსოფლიოს 180 ქვეყანაში 45-ე და პირველი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო მაღალი რეიტინგული ქულებით შეხვდა

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი და მსოფლიოს მასშტაბით, 180 ქვეყანას შორის 45-ე პოზიცია, სწორედ ამ მაჩვენებლით ხვდება საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.

საქართველოს მეგობარ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შორის, რომლებზეც მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს, არის ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. რომელმაც თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს აღნიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელსაც საქართველო აჩვენებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მე- 18 ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა მონაცემებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას - ჩეხეთს, მალტას, კვიპროსს, საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს შორის კი, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 11 სახელმწიფოს უსწრებს. თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტების შეფასებით ეს საკმარისი არ არის.

გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მმართველობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რაც უმრავლესობის წევრების აზრით, საქართველოს რეგიონში ლიდერის როლს უნარჩუნებს. არსებული მონაცემები დეპუტატების შეფასებით, მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

საქართველოში ნაკლები კორუფცია პირდაპირი გზავნილია ინვესტორებისთვის. ექსპერტების მოლოდინი ამ მიმართულებით პოზიტიურია. არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნება, ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო წლებში დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

კორუფციის აღქმის ინდექსი "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" წლის დასაწყისში გამოაქვეყნა.

დღის ამბები