27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
გინება "ვოთსაფით" - სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძისა და უკრაინაში მებრძოლი ქართველის მიმოწერის "სქრინების" სრულ ვერსია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული სატელეფონო გზავნილები ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის და უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქის სატელეფონო მიმოწერას ასახავს. "ვოთსაპში" დაწყებული დიალოგის სრული ვერსია "ფეისბუქზე" არსებულმა გვერდმა "სინამდვილეში" გაასაჯაროვა. გვერდის მტკიცებით, მამუკა მდინარაძეს უკრაინიდან "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით გიორგი ფარცვანია დაუკავშირდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა.

ე.წ. სქრინები "ფეისბუქში" მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მედიაში ითქვა, რომ "ოცნების" ლიდერმა უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს აგინა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გავრცელებული მოკლე ტექსტური შეტყობინების ფრაგმენტები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. რეალურად კი ფარცვანიამ "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, გინებას კი მდინარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია, ბინძური მეთოდია.

ფეისბუქ-გვერდი "სინამდვილეში", მიმოწერის გავრცელების გარდა წერს იმაზეც, თუ ვინ არის ფარცვანია. სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, რომ გიორგი ფარცვანია საქართველოში ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით გასამართლდა. ვიდეოკადრები კი, ფეისბუქ-გვერდის მტკიცებით, ფარცვანიამ ეკა ბესელიას გაუვრცელა. სწორედ ფარცვანიას წარსულზე ამახვილებენ ყურადღებას სახელისუფლებო გუნდის წევრებიც.

გიორგი ფარცვანიასთან კავშირს უარყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. პრობლემას ვერც გავრცელებული მიმოწერის ფორმაში ხედავენ და ამას ბუნებრივ რეაქციას უწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებებს და მათ მიერ არჩეულ ტაქტიკას "ოცნება" პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. მმართველ პარტიაში ყველას მოუწოდებენ,  პოზიციის გამოხატვის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინონ.

სოციალურ ქსელში არსებული გვერდის -"სინამდვილეში" გავრცელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით, "კურიერი" გიორგი ფარცვანიასაც დაუკავშირდა, თუმცა მან "რუსთავი 2-თან" საუბარი არ ისურვა.

 

 

დღის ამბები