27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც არ შედგა - ექსპრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნა და მისი პარტიის გეგმები

მოსამარლე გიორგი არევაძემ სხდომა "ვივამედის" კლინიკიდან მიღებული წერილით გახსნა. ექიმები მოსამართლეს იმ მიზეზებს უხსნიდნენ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სასჯელის გადავადების საქმის განხილვას ვერ ესწრებოდა. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მედიკოსებმა ყოფილი პრეზიდენტის სასამართლომდე ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. წერილს სასამართლოში პირველი შუამდგომლობაც მოჰყვა - დაცვის მხარემ სააკაშვილის პროცესში ჩართვა დისტანციურად მოითხოვა. ამ საკითხის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის კი, მოსამართლემ სხდომა რამდენიმე დღით გადადო.

სხდომის გადადების კიდევ ერთი მიზეზი საქმის მოცულობის გაზრდაა - უკვე არსებულ მასალებს დამატებითი მტკიცებულებები დაერთო, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, საქმეში ასევე დევს სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული დასკვნაც.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და თავმჯდომარეობის კანდიდატები, ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პროცესები არ გაჭიანურდეს და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სწრაფად მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტს აანონსებენ, თუმცა რა ფორმით, ჯერ კიდევ უცნობია.

სხდომის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკაში ადვოკატმა და დედამ მოინახულა. მათ ყოფილ პრეზიდენტს პროცესის დეტალები გააცნეს. სააკაშვილის სურვილია, სხდომებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც დისტანციურად.

სააკაშვილის სასამართლო პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდში თქვეს, რომ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და ახლა ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

სააკაშვილის საქმის განხილვა 14 დეკემბერს 11 საათზე გაგრძელდება. სავარაუდოდ, მომდევნო სხდომას უკვე ყოფილი პრეზიდენტიც დაესწრება - დისტანციურად.

 

დღის ამბები