27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლოს შენობაში ბრალდებული სპეცრაზმის გაძლიერებული ესკორტით მიიყვანეს

აეროპორტში დაკავებულ ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ამ ბრალდებით დაკავებულს 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სასამართლოს შენობაში ბრალდებული სპეც რაზმის გაძლიერებული ესკორტით მიიყვანეს - კადრები ექსკლუზიურად "კურიერმა" გადაიღო. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ცისკარ ტოხოსაშვილი არ ეთანხმებოდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და სარგებლობდა დუმილის უფლებით, ჩვენ სასამართლოს წინაშე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მის მიმართ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა ალტერნატიულ სახედ შევთავაზეთ სასამართლოს გირაოდ 10 ათასი ლარის ოდენობით. სამწუხაროდ, ჩვენი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე არ იქნა დაკმაყოფილებული და როგორც თქვენ იცით, მას შეეფარდა დაპატიმრება," - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თომაძე. 

ბრალდების მხარის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში.

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულისათვის ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება საქმის გარემოებებს, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფოს მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და იბრძოდა მის მხარდასაჭერად. შესაბამისად, არსებობდა ამ ბრალდების წარდგენის საფუძველი, რაც სასამართლომ გაიზიარა კიდეც," - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.

 

ავტორი: სანდრო სანაია

 

 


 

დღის ამბები