27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას - კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირას გაგრძელდება

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას ლომჯარიას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე შეასრულებს. ვინ ჩაანაცვლებს მას ომბუდსმენის პოსტზე, ამის შესახებ მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირას გაგრძელდება. პოლიტიკოსები ლომჯარიას საქმიანობის 5 წელს აფასებენ - პოზიციები განსხვავებულია. 

ნინო ლომჯარიას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლების შესახებ საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ომბუდსმენობის კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს არაერთი დადებითი შეფასება მიუღია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემფასებლისგან.

"ნინო ლომჯარია თავის საქმიანობაში იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ამ მიმართულებით, სახალხო დამცველის აპარატის ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ ერთდერთი დავალება იყო ის, რომ ჩვენი საქმიანობა დამოუკიდებელად და პროფესიონალურად განგვეხორციელებინა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არაერთი დადებითი შეფასება მიგვიღია ყველა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემფასებლისგან. მათი შეფასებით, სახალხო დამცველი აპარატი არის ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანას შეეფერება. ძალიან ხშირად, კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვესმოდა, არ იყო ობიექტური," - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

ნინო ლომჯარიას განვლილ საქმიანობასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარემ, ომბუდსმენობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ.

"მე ბევრჯერ გამიკრიტიკებია ქალბატონი ლომჯარია მისი საქმიანობის მანძილზე, გინდა კორონა პოზიციასთან დაკავშირებით, რაც პანდემიის დროს ჰქონდა, გნებავთ სხვა თემებთან დაკავშირებით, სადაც მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველს არ ჰქონდა სათანადო პოზიცია, თუმცა მგონი, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის," - აცხადებ იაგო ხვიჩია.

პარტიის ”საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ მომავალი სახალხო დამცველი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი უნდა იყოს.  

"ჯერჯერობით, ეს არის უწყება, რომელიც დამოუკიდებელი იყო ოცნების პარტიული ვერტიკალისგან. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ოცნება ასე ხშირად თავს ესხმოდა ამ ინსტიტუციას. მომავალი სახალხო დამცველისგან რასაც ვისურვებდი და რაც აუცილებლად უნდა იყოს, არის ის, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები