27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა - თბილისის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, თანხა მილიარდ 768 მილიონს შეადგენს

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა. გასულ წელთან შედარებით, თბილისის 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხა უფრო მეტია და მილიარდ 768 მილიონს შეადგენს. თანხის გაზრდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულმა ფინანსებმა განაპირობა

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, მომდევნო წელს, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება. პრიორიტეტი კვლავ სატრანსპორტო პოლიტიკაა. დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მწვანე სივრცეებს, ქუჩებს, ხიდებს, მოხდება წერეთლის გამზირის სრული განახლება.

საკრებულოს ოპოზიცია ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს ჯერ არ იცნობს, თუმცა უკვე ამბობენ, რომ თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მერიას პროექტს უწუნებენ და აცხადებენ, რომ გაწერილი თანხები ქალაქში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიციის პოზიცია და მათი არგუმენტები არ უკვირს. დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პროექტში გაწერილი პრიორიტეტები სამართლიანად არის გადანაწილებული და მხარდაჭერას იმსახურებს.

პროცედურულად, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. პროექტის განხილვა დაიწყება ფრაქციებსა და კომისიებში. თვის ბოლოს კი, დედაქალაქის, მერი კახა კალაძე მაკონტროლებელ ორგანოს ფინანსურ დოკუმენტს თავად წარუდგენს და დეპუტატებს წლიურ ანგარიშსაც ჩააბარებს.

დღის ამბები