ჯამბულათ ხოფერიას ცხედარი, მის მშობლიურ სოფელში დღეს დილით გადაასვენეს. უკრაინაში მებრძოლ ქართველს, საკუთარ სახლში, საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. 25 წლის მოხალისე, პირველ დეკემბერს ქიმიური ნივთიერებით მიღებული ინტოქსიკაციით დაიღუპა.
ჯამბულათ ხოფერიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო პატივით დახვდნენ. 25 წლის ქართველი მებრძოლის ცხედარი, უკრაინიდან დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს. ხოფერიას ლანჩხუთში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სოფელ გვიმბალაურიში, უკრაინაში მებრძოლ ქართველზე წარსულში საუბარი უჭირთ. "კურიერი" მის ბავშვობის მეგობარს ესაუბრა. ბექა ლომაძე, ჯამბულათ ხოფერიას ბოლოს აგვისტოში შეხვდა, მაშინ, როცა ის ოჯახის სანახავად მშობლიურ სოფელში ჩავიდა და კვლავ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა. 25 წლის მამაკაცი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში, თებერვალში ჩაერთო.
რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მებრძოლი ქართველი საზოგადოებამ პირველად 10 წლის წინ გაიცნო. ჯამბულათ ხოფერია 17 წლის იყო , როდესაც დიდ სცენაზე გამოსვლა გადაწყვიტა და "რუსთავი 2-ის" პროექტ "ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა.
ჯამბულათ ხოფერია მეექვსე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ბოლო 5 დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი - 3 დეკემბერს ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლნენ. მათი მეთაურის ინფორმაციით, ისინი ალყაში მოექცნენ და არ ჩაბარდნენ საოკუპაციო ძალებს.
ინტენსიური საომარი მოქმედებები, ცხედრების გამოყვანის პროცესს ართულებს. 5 მებრძოლს, სამშობლოში სამხედრო პატივით დახვდებიან.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, სულ საქართველოს 33 მოქალაქე დაიღუპა.