27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ - როგორია "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის სტრატეგია 

რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ - სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ნიკა მელია არ აკონკრეტებს ბრძოლის რა სტრატეგიას აირჩევს პარტია, თუ კი მოსამართლე მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მცდელობის მიუხედავად, ერთობის დემონსტრირება პარტიაში დღესაც ვერ შედგა. ერთი მაგიდის გარშემო დასხდომა კონკურენტებმა ვერც დღეს შეძლეს. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, ჯერ კიდევ გუშინ "კურიერთან" აცხადებდა, რომ პარტიის ოფისიდან საქმე ვერ კეთდება.

ხაბეიშვილის გუნდიდან შეკრებაში მხოლოდ ლევან ბეჟაშვილი მონაწილეობდა, დღეს მას მედიასთან საკუთარი კომენტარის განმარტება მოუწია, სადაც ის ამბობდა რომ პარტია სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველანაირ საშუალებას, მათ შორის რადიკალურ ქმედებებსაც განიხილავს.

რა შეიძლება იყოს კანონიერი - ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს "ნაციონალური მოძრაობაში" მარტო არ ტოვებს და ყველა სცენარში უერთდება 3 პარტია - "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება". ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანება დღეს ცდილობდა, რომ სააკაშვილის საკითხზე ოპოზიციური ერთობის მაგალითი ეჩვენებინა.

ოპოზიციურ ძალთა ახალ გაერთიანებას არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი ყოფილი თანაგუნდელები სააკაშვილის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, პატიმრის გათავისუფლება კი მხოლოდ სამართლებრივად გადაწყდება.

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სასამართლო ხვალ, პირველ საათზე იმსჯელებს. პროცესის პარალელურად იქნება აქციაც, სადაც ექსპრეზიდენტის პარტიას ის პოლიტიკური ძალები შეუერთდებიან, რომლებიც წლების წინ სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ.

დღის ამბები