მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს,-ამის შესახებ ვკითხულობთ ყოფილი პრეზიდენტის ხელწერილში, რომელიც "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოში მისვლას, დააყენებენ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მივიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პირდაპირი ტრანსლაცია.
მეორე ადვოკატის ინფორმაციით კი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ხვალინდელ სხდომაზე დაცვის მხარე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, საუბარია დაახლოებით ოთხ ტომზე და პროცედურიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს მასალების გასაცნობად დრო დასჭირდება, შესაბამისად სავარაუდოდ სხდომა გადაიდება.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მისცეს ჩვენება სააკაშვილმა არსებულ მდგომარეობაში.
"სუსტად არის, არანაირი გაუმჯობესება არ არის, მაღალი სიცხე ჰქონდა რამდენიმე წუთის წინ სანამ გამოვიდოდი, 38.2 ჰქონდა ტემპერატურა. ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა. სურვილი აქვს, აპირებს მისვლას და როგორც გითხარით წინაზეც ჩემი მოსაზრებაც ეს არის, რომ ამ მდგომარეობაში ჩვენება როგორ უნდა მისცეს საერთოდ ესეც არ ვიცი," - ამბობს დეკანოიძე.