27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მამუკა მამულაშვილის განმარტებით, არსებული პრაქტიკაა, რომ კომპეტენციის გარკვევის შემდეგ მოხალისესთან გაფორმდეს კონტრაქტი პირობებით

"კურიერი" დაუკავშირდა უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურს. მამუკა მამულაშვილის განმარტებით, არსებული პრაქტიკაა, რომ კომპეტენციის გარკვევის შემდეგ მოხალისესთან გაფორმდეს კონტრაქტი პირობებით.

მისივე თქმით, კანონმდებლობის ერთ-ერთ ჩანაწერზე აპელირება მიმართულია იმ მოხალისეთა გადინების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში საკუთარი ქვეყნის ინტერესებსაც იცავენ.

"თუ ჩავთვალეთ, რომ ადამიანი კომპეტენტურია, რათა მიიღოს მონაწილეობა სამხედრო ძალებში, მაგ შემთხვევაში აწერს კონტრაქტს ხელს. კონტრაქტს არ აწერს ხელს ჩემთან, ან ვინმესთან. არის გათვალისწინებული უკრაინის კანონმდებლობით, შეუძლია მოაწეროს ხელი კონტრაქტს და ჩვეულებრივ ჯარისკაცს რაც აქვს ხელფასი, ის ხელფასი ენიშნება.

როდიდან გააქტიურდა კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას, იმიტომ რომ ეხმაურებიან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს? - არის განზრახული პროვოკაცია, რომ შეწყდეს მოხალისეების გადინება, ადამიანების, რომლებიც იდეოლოგიურად იცავენ საქართველოს," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა "კურიერთან". 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" შეფასებით, დადასტურდა მათი განცხადებები, რომლის მიხედვით უკრაინაში საომრად ქართველები მობილიზებულად და კონკრეტული პირობებით მიჰყავთ. მტკიცებულებად მოჰყავთ მედიაში გავრცელებული მასალა, უფრო კონკრეტულად კი მიმოწერა, რომლის თანახმადაც უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს. ჟურნალისტის მტკიცებით, ექსპერიმენტი ჩაატარა და ჯგუფის წარმომადგენელს ომში წასვლის მსურველად გაეცნო. მიმოწერით თანახმად კი სამხედრო შენაერთის, "ლეგიონის" წარმომადგენელი, საბრძოლო გამოცდილების გარკვევის შემდეგ, "ომში წასვლის მსურველს" თვეში 45 ათას გრივნას, ანუ ორი ათას დოლარამდე სთავაზობს.

დღის ამბები