27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
რუსთავის მერის განცხადებით, ოპოზიციური საკრებულო ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს პოლიტიკური დაკვეთის გამო არ ამტკიცებს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებაზე არსებული პრობლემის შესახებ ისაუბრა. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის საკრებულომ მერიას უკან უკვე ორჯერ დაუბრუნა.

ლაცაბიძის განცხადებით, პროცესი პოლიტიკურ დაკვეთაა.

"მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით შეიტანა საკრებულოში. მე, ჩემს მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან ერთად გახლდით კომისიებზე, სადაც დარგობრივად უნდა განვიხილოთ ბიუჯეტი და უნდა დავსვათ ის კითხვები, რაც დარგების მიხედვით არის მნიშვნელოვანი მთავარ საფინანსო დოკუმენტზე. რა თქმა უნდა, ვიყავი მთავარ სხდომაზე, სადაც მზად ვიყავით გვეპასუხა ყველა კითხვისთვის, რომელიც გაუჩნდებოდა ოპოზიციურ საკრებულოს. თუმცა, შეიძლება ვინც გვიყურებს ახლა ყველამ არ იცის, თუმცა რუსთაველებმა კარგად ნახეს თუ როგორი პოლიტიკით სავსე იყო ის სხდომა.

მე შევეცდები აგიხსნათ რატომ მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ოჯახში ჩვენ რომ გვქონდეს 87 ლარი, ვიცოდეთ რა უნდა ვიყიდოთ ამ 87 ლარით, არ გვქონდეს არანაირი სესხის შესაძლებლობა ან დამატებითი შემოსავალი და კეთილისმსურველმა გვითხრას, რომ დამატებით უნდა შეიძინო 130 ლარის გარკვეული ნივთები, ეს ხომ შეუძლებელი იქნება, 87 ლარით ვიყიდოთ 200 ლარზე მეტის ნივთი, ამიტომ, რომ გადმოვიტანოთ ახლა ჩვენი ქალაქის მაგალითზე - ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი სადაც გათვალისწინებულია 87 მილიონი ლარის პროექტები, როგორც ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა მიმართულებით და ოპოზიციამ დაგვიბრუნა, როგორც გითხარით სხდომებზე არ ყოფილა არანაირი განხილვა, დაგვიბრუნეს შენიშვნები, შენიშვნებს ეძახიან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის სურვილების დოკუმენტი, რომელიც გამოიხატა 3 ფურცელზე და ეს სურვილები შეადგენს დამატებით 130 მილიონ ლარს. ანუ, 87 მილიონი ლარის პროექტებს უნდა დავუმატოთ 130 მილიონი ლარი და რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი რომ იყოს 200 მილიონ ლარზე მეტი, ამისი სურვილი არის ნებისმიერი რუსთაველის. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის, თუმცა არსებობს რეალობა და ეს მაქსიმუმი ჩვენი ქალაქისთვის არის 87 მილიონი ლარი," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები