27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
რა რაოდენობის საკვებს იღებს მიხეილ სააკაშვილი და რატომ უთხრა მან გამომძიებლებს სისხლის ანალიზის ჩატარებაზე უარი - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ეკა ხერხეულიძემ, რომელიც დღეს  ექსპრეზიდენტს შეხვდა, მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იკვებება. შვილი მოინახულა დედამაც. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენს ჭამს, რამდენიც შეუძლია.

კლინიკა "ვივამედში" დილიდან მივიდნენ ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველებიც და პაციენტის ისტორია მოითხოვეს. ადვოკატებს აინტერესებთ რა წერია სამედიცინო დოკუმენტში სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის კვების საკითხზე დღეს ორჯერ გააკეთა განმარტება კლინიკის დირექტორმა. მან თქვა, რომ პატიმარი საკვებს სრულფასოვნად ვერ იღებს. ზურაბ ჩხაიძე ამის მიზეზად პატიმრის დიაგნოზს ასახელებს.

მიხეილ სააკაშვილის კვების საკითხი კლინიკა "ვივამედში" დღეს განხილვის ერთადერთი თემა არ ყოფილა, ყოფილი პრეზიდენტის პალატაში დილიდან გამომძიებელიც შევიდა. სპეციალური საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი კლინიკაში ხელმეორედ მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის სისხლის ნიმუშები აეღო, თუმცა ექსპრეზიდენტისგან უარი მიიღო.

მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება. სალომე ზურაბიშვილი პაციენტ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში იღებს. საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

"ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს ურჩევენ, მსჯავრდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებით არ გამოიყენონ. მმართველ გუნდში სააკაშვილის საკითხს პარტიულ ინტერესებს უკავშირებენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე დღის ბოლოს განცხადება პრემიერმაც გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის ახლო გარემოცვას არ უნდა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში უმკურნალონ, რადგან მათი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლებაა.

უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სახალხო დამცველის რანგში სასამართლოს ბოლოჯერ მიმართავს ნინო ლომჯარიაც. ომბუდსმენი საქმეში "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით ერთვება. მოსამართლე გიორგი არევაძეს საქმის სხვა მასალებთან ერთად, სახალხო დამცველის მოსაზრებაზეც მოუწევს მსჯელობა.

დღის ამბები