27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ერთობის ლუსტრაციის ნაცვლად განხეთქილების ლუსტრაცია - შეკრება "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე შედგა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრებმა შეკრება ზუსტად 12 საათზე დაიწყეს. ოფისში პირველები მელიას მხარდამჭერები გამოჩნდნენ, მოგვიანებით შეხვედრას გიორგი მუმლაძე მომხრეებთან ერთად შეუერთდა, სულ ბოლოს კი, ადგილზე ლევან ხაბეიშვილის მომხრეებიც მივიდნენ, თუმცა თავად კანდიდატი არა. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს კონკურენტის ეს ქცევა არ სწყენია, მეტიც, მელიამ თქვა, რომ ჩატარებულმა შეხვედრამ საზოგადოებას ერთობის მაგალითი უჩვენა.

შეხვედრები ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალური ოფისის ნაცვლად, დღეს რეგიონულ ოფისებში გამართა. ის პეტრე ცისკარიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთში საკუთარ მხარდამჭერებსა და პარტიის ამომრჩეველს ხვდებოდა. თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიაში ჩატარებულ შეხვედრებს მიესალმება, თუმცა კონკურენტ მელიას ურჩევს, ოფისში შეკრების ნაცვლად მხარდამჭერებს პირადად შეხვდეს.

ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრები, გიორგი მუმლაძე, ნიკა მელია და მისი მომხრეები დღეს პარტიაში თითქმის 3 საათი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სასამართლო პროცესზე მსჯელობდნენ. პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან, თუმცა პროტესტის ფორმებზე ორად გაყოფილ გუნდში აზრი ისევ ორად გაიყო. ხაბეიშვილის მხარდამჭერები რადიკალურ პროცესებს არ გამორიცხავენ, განსხვავებული პოზიცია აქვთ მელიას გუნდში.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი გეგმებით ისევ საკუთარ პარტიას აზარალებს, მათი თქმით, რადიკალური პროცესების დაანონსება სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის გეგმებზე მეტყველებს.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს არის ჩანიშნული.

დღის ამბები