BALENCIAGA-ს სკანდალური ფოტოსესიის ავტორი, გაბრიელე გალიმბერტი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ დაუკავშირდა მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი ბავშვებისთვის ფოტოების გადასაღებად. ფოტოგრაფი ამბობს, რომ BALENCIAGA-სგან შეთავაზება პირველად სექტემბერში მიიღო. სათამაშოების ისტორია - ასე ჰქვია ფოტოგრაფის მიერ 2014 წელს გამოცემულ წიგნს, რომელიც მოდის სახლის ინსპირაციად იქცა.
ფოტოგრაფმა ნამუშევარი დამკვეთს მიაწოდა. BALENCIAGA-მ ბავშვების ეპატაჟური ფოტოები საკუთარ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც მომენტალურად დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსებმა მოდის სახლი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წახალისებაში დაადანაშაულეს. BALENCIAGA-მ ფოტოები წაშალა, თუმცა მალევე ახალ სკანდალში გაეხვა. ამჯერად მიზეზი ადიდასთან ერთად გადაღებული ფოტოები გახდა. ერთ-ერთ ფოტოში ბრენდული ჩანთის ფონად ბავშვთა პორნოგრაფიის სასამართლო მასალები ჩანს. BALENCIAGA-მ საჯარო სივრციდან ეს ფოტოებიც მალევე წაშალა.
ფოტოგრაფი პასუხისმგებლობას BALENCIAGA-ს აკისრებს. სკანდალის შემდეგ, გაბრიელ გალიმბერტთან კონტრაქტი არაერთმა კომპანიამ გაწყვიტა. ფოტოსესიის გამო შეშფოთება გამოთქვა BALENCIAGA-ს არაერთმა სახემ, მათ შორის რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა.
თავად BALENCIAGA-მ საჯარო ბოდიში მოიხადა და პასუხისმგებლობა შუამავალ კომპანიას დააკისრა. სარეკლამო სააგენტო North Six-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. მოდის სახლი მიყენებული ზიანისთვის 25 მილიონ დოლარს ითხოვს. დემნა გვასალიამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა და მომხდარს არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილება უწოდა. ფოტოსესიაში ბავშვების მონაწილეობის გამო დიზაინერი პასუხისმგებლობასაც იღებს და საჯარო ბოდიშს იხდის.