27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების და ექსპრეზიდენტის გარემოცვის შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრებზე განმარტება "ვივამედის" დირექტორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვამ დღის განმავლობაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა. 

პაციენტი იღებს საკვებს საკუთარი სურვილის მიხედვით, რაც გამოჯანმრთელების პროცესისთვის შემაფერხებელია - ასეთია იმ კლინიკის დირექტორის პოზიცია, სადაც პატიმარი სააკაშვილი უკვე თვეებია იმყოფება. ზურაბ ჩხაიძემ დღეს შედეგიანი მკურნალობისთვის აუცილებელ პროცედურებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პაციენტის ქმედება მას ეწინააღმდეგება.

კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებების შემდეგ, დღის ბოლოს პოზიცია შეცვალა ექს-პრეზიდენტის დედამაც. გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

ოჯახის წევრების ნაწილობრივ შეცვლილი პოზიციისა და ექიმების განმარტებების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრებს კრიტიკულ უწოდებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, მისი ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანას გადარჩენის უალტერნატივო გზად მიიჩნევენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიაა არადამაჯერებლად აღიქვამს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ექსპრეზიდენტის შიმშილობის პერიოდს იხსენებენ და არ გამორიცხავენ, რომ პატიმარი სააკაშვილი სასჯელისგან გაქცევას ავადმყოფობის სიმულირებით ცდილობდეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის წინ წამოწევას, ლობისტების პიარ-სტრატეგიას უკავშირებს მამუკა მდინარაძე. მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს საერთაშორისო მედიაში ანალოგიური სათაურებით გავრცელებული სტატიებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დასავლური მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საუბარია რამდენიმე გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაზე, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. სტატიებში არაფერია ნათქვამი თუ რა გზით მოხვდა ექს-პრეზიდენტი ციხეში და რა დანაშაულებისთვის იხდის ის სასჯელს.

 

დღის ამბები