27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ბიზნეს სექტორი დასაქმებულთა რაოდენობით კვლავ მოწინავე პოზიციაზეა - ქართული ბიზნესის ბრუნვა წელს 47,5 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბიზნეს სექტორი დასაქმებულთა რაოდენობით კვლავ მოწინავე პოზიციაზეა, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქართული ბიზნესის ბრუნვა წელს 47,5 მილიარდი ლარით გაიზარდა, რამაც სექტორს საშუალება მისცა იმაზე მეტი მოქალაქე დაასაქმოს ვიდრე ამას გასულ წლებში აკეთებდა. სულ კი ბიზნესის საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაო 723 ათასმა კაცმა იპოვა. მთავარი მიმართულებები კი სადაც მუშახელზე მოთხოვნა გაზრდილია, კვლავ ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ტურიზმია.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით ეს მაჩვენებლები ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა რეკორდულად იმატებს და ამ მიმართულებით მთავრობა ბიზნესთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის დადებითი ტენდენციები პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებისა და სამუშაო ადგილების მატებაზე. ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი მუშახელზე მოთხოვნასაც ზრდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის მოცულობის ზრდასთან ერთად იგივე ტენდენციაა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებზეც. 2022 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარია რაც გასული წლის იმავე პერიოდს 25.8 პროცენტით აღემატება. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 723.3 ათასი ადამიანით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 6.7 პროცენტით აჭარბებს.

ანალიტიკოსები ვარაუდოებენ, რომ ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი მომდევნო წელსაც შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. ექსპერტები დადებითად აფასებენ მთავრობის ახალ სტრატეგიას, რაც ბიზნესთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითვალისწინებს.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სფეროები ლიდერობენ.

დღის ამბები