27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
დედის თვალწინ ნაწამები ჩვილი, დაბმული მოხუცები და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - 1 წლიანი ძებნის შემდეგ ევროპაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დედის თვალწინ ნაწამები ჩვილი, დაბმული მოხუცები და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ამ მძიმე ბრალდებებით, 1 წლიანი ძებნის შემდეგ ევროპაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 31 წლის ქართველი მამაკაცი იტალიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის საბერძნეთში აიყვანეს. კალაბრიის რეგიონში მდებარე ფერმაში მოხუცი ცოლ-ქმრის გარდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ახალშობილიც გახდა. ქართველმა კრიმინალმა ის ფულის გამო აწამა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებულ დავით ადეიშვილს გვარი აქვს შეცვლილი. თავის დროზე ის დავით თავართქილაძე იყო, თუმცა სავარაუდოდ ადრე ჩადენილი დანაშაულების გამო, მას რეალური ვინაობის დაფარვა მოუწია და პირადი მონაცემები შეიცვალა. ის ფიქტიურადაა რეგისტრირებული ბათუმშიც. მითითებულ მისამართზე დღეს "რუსთავი 2-ს" სხვა ოჯახი დახვდა, მეზობლები კი მსგავს პიროვნებას საერთოდ არ იცნობენ.

საბერძნეთის პოლიციამ 31 წლის ქართველი მამაკაცი დავით ადეიშვილის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. ქართველი მამაკაცი ახლა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. რამდენიმე დღეში მას სავარაუდოდ იტალიას გადასცემენ. ყაჩაღობასა და წამებაში ბრალდებული სწორედ იტალიის მიერ გაცემული ორდერით დააკავეს.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის დაკავებას აქტიურად აშუქებს უცხოური მედია. ადგილობრივი ტელეკომპანიების ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი იტალიაში ეჭვმიტანილია ყაჩაღობებსა და ადამიანების წამებაში. უცხოელი ჟურნალისტების ვერსიით, სწორედ ეს ქართველი მამაკაცია ის პირი, ვინც ერთ-ერთ ფერმაში ფულით სავსე სეიფს ითხოვდა და თანამზრახველებთან ერთად დედის თვალწინ ჩვილი აწამა.

ბოლო შემზარავი დანაშაულის შემდეგ ბოროტმოქმედმა ავტომობილი იტალიის საზღვართან დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით პრესა წერს, თუ როგორ აღმოჩნდა საბერძნეთში იტალიაში ძებნილი დამნაშავე.

"კურიერი" დღეს ბათუმში, ბრალდებულის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. არც ადეიშვილის და არც თავართქილაძის გვარით ადგილზე არავინ დაგხვდა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ მისამართზე მამაკაცი ფიქტიურად არის მიწერილი.

საბერძნეთში დაკავების დროს ქართველმა ბრალდებულმა გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ათენის სასამართლო იტალიაში მისი ექსტრადაციის შესახებ უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

დღის ამბები