27 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
"შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი" - გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს მიმართავს

"სტრატეგია აღმაშენებლი" სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.

მისივე თქმით, რეზოლუციაში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და მიმართვაზე, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

"ჩვენ ორი დღის მანძილზე გახლდით ბრატისლავაში, სადაც ევროპული მმართველი კვალიციის ALDE-ს პოლიტიკური ოჯახის ლიდერთა შეკრებას ვესწრებოდით. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის. პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტზე, როგორც პირველი ნაბიჯი, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის, დრო არის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ქალბატონო სალომე, ჯერი თქვენზეა, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები