უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების მსხვერპლი 32-მდე გაიზარდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია, ავთო რურუა და როლანდ კვარაცხელია - ეს მებრძოლები პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ ბახმუტთან, სადაც ახლა ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ბრძოლები მიმდინარეობს.
ქართველების დაღუპვის ფაქტი დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უკრაინაში საქართველოს საელჩომ, მანამდე კი ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა სხვა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.
დაღუპულთაგან 4 სამეგრელოს რეგიონიდან არის, ერთი - ზესტაფონიდან. "კურიერი" დაღუპული მებრძოლის რომეო ფიჩხაიას დას ესაუბრა. ჯულიეტა ფიჩხაიას ინფორმაციით, დაღუპულის გადმოსასვენებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ბავშვები იღუპებიანო და მე აქ რა გამაჩერებსო... ერთხელ ჩამოვიდა, იყო სამი თვე აქ. ურეკავდნენ შენი გამოცდილება გვჭირდებაო. მეომარი იყო აფხაზეთიდან მოყოლებული. სამჯერ დაიჭრა. მიდის მოლაპარაკება, კორიდორი თუ მისცეს გადმოსასვენებლად, თუ არა, ბიჭებმა ძალით შევალთო, ისეც არ მინდა სხვისი შვილები დაიღუპონ, ამის გადმოსვენების გამო," - განაცხადა რომეო ფიჩხაიას დამ ჯულიეტა ფიჩხაიამ.