27 ნოემბერი 2024,   00:12
ვრცლად
რაჭის ტყეში მომხდარი მკვლელობა - რატომ მიაყენა მამაკაცმა ქოხის გადასახურად წაყვანილ თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები და რას ამბობენ ადგილობრივები

61 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ მეზობელმა გაიმეტა. 35 წლის სავარაუდო დამნაშავემ ომარ გაბისიანი ტყეში, ქოხის გადახურვის მიზნით დასახმარებლად წაიყვანა. მოულოდნელად კი დანით 4 ჭრილობა მიაყენა. ამბროლაურში, სოფელ მეორე ტოლაში მომხდარ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს. მესამე პირი, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა, მოკლული მამაკაცის მეზობელი და ნათესავია. ის კარგად იცნობს სავარაუდო დამნაშავესაც. მომხდარის დეტალები გარდაცვლილის ოჯახს სწორედ თვითმხილველმა უამბო, რომელიც შემთხვევის შემდეგ გაიქცა და ფაქტი პოლიციას აცნობა.

თამაზ ლომთაძემ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მანამდე კი, სამართალდამცველებს ცხედრის პოვნაში დაეხმარა. ირკვევა, რომ სავარაუდო მკვლელმა ომარ გაბისიანის ცხედარი შემთხვევის ადგილზე დატოვა და გაიქცა. თვითმხილველის ინფორმაციით, დამნაშავეს დანასთან ერთად, თან ჰქონდა სანადირო თოფიც.

მომხდარის ერთ-ერთ მოტივად სავარაუდო დამნაშავის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. სოფელში ამბობენ, 61 წლის მეზობელთან სავარაუდო მკვლელს წარსულში კონფლიქტი არასდროს ჰქონია. 35 წლის გიორგი სოხაძეს მეორე დღეა პოლიცია ეძებს.

ამბროლაურის პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. პარალელურად დაინიშნა რამდენიმე ექსპერტიზა. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 35 წლის მამაკაცს, რომელსაც სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები