27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდეს, იმიტომ რომ მთავარი გამოწვევები იწყება ამ არჩევნების დასრულების შემდეგ" - ბაჩო დოლიძე

”ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიტსაბჭომ 11 დეკემბერს უნდა იმსჯელოს. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, იქნება თუ არა პარტიის შიგნით ერთიანობა საკითხთან დაკავშირებით. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აქვე ამბობს, რომ მთავარია პროცესი დროულდ დასრულდეს, რადგან არჩევნების დასრულების შემდგომ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევები იქნება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იქნება როგორც პოლიტსაბჭო, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იქნებიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და გულშემატკივრები, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ფაქტიურად პარტიის სამომავლო გეგმები. შეიძლებოდა სხვანაირად წარმართულიყო აღნიშნული პროცესი ისევე, როგორც წინა თავმჯდომარის არჩევნები როგორც ჩატარდა ანუ კონსოლიდირებული გადაწყვეტილებით, ძალიან მეგობრულ გარემოში. ცუდია როგორც მოხდა, მაგრამ უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით. მნიშვნელოვანია რომ სწრაფად დასრულდეს, იმიტომ რომ მთავარი გამოწვევები იწყება ამ არჩევნების დასრულების შემდეგ,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დასრულდეს პროცესი.

"შემდეგ ეტაპზე გადავედით, მნიშვნელოვანია რომ ჩაინიშნა პოლიტიკური საბჭოს სხდომა. ახლა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მალე გავიაროთ ეს პროცესი და წლის ბოლომდე დავასრულოთ. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და ამიტომ ძალიან მალე უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინაშე დგას. წლევანდელ წელს არ უნდა გადაცდეს ეს პროცესი, ეს არ იქნება სასარგებლო პარტიისთვის და იგივეს დავაფიქსირებ პოლიტიკურ საბჭოზე,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები