27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთს ისევ არ ესაუბრებიან - პოლიტსაბჭო შიდა არჩევნების საკითხზე 11 დეკემბერს იმსჯელებს

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელსა და პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩანიშვნა მოსთხოვეს. რატომ აირჩია ამ ჯგუფმა კომუნიკაციის ასეთი ფორმა - ხაბეიშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ტელეეთერებიდან საუბარი, საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. "ნაციონალური მოძრაობის" ამ ნაწილის სურვილია, პარტიას დეკემბრის ბოლოს, უკვე ახალი ლიდერი ჰყავდეს.

მოქმედი თავმჯდომარის გუნდმა ბრიფინგის და მით უფრო, ლევან ხაბეიშვილის მომხრეთა მოთხოვნის შესახებ არაფერი იცოდა. მოწოდებიდან მალევე, თანაპარტიელებს თავმჯდომარემ არა, მაგრამ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა უკრაინიდან უპასუხა. კობა ნაყოფიამ სხდომის თარიღიც ჩანიშნა და ხაბეიშვილის მხარდამჭერებს კომუნიკაციის ფორმაც დაუწუნა. პოლიტსაბჭო შიდა არჩევნების საკითხზე 11 დეკემბერს იმსჯელებს.

იმ ჯგუფის ლიდერი, რომელზეც კობა ნაყოფია საუბრობს, კმაყოფილია, რომ მოთხოვნილი პოლიტსაბჭო მალე დაინიშნა, თუმცა უკმაყოფილოა იმ განცხადებებით, რომელიც ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიით გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ პროცესები პარტიაში არაფორმალურად იმართება და თქვა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. არ დაუმლავს ისიც, რომ განვითარებულმა მოვლენებმა პარტია დაასუსტა. ამ განცხადებებმა მხარეებს შორის დაპარისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ახლა გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე, თუმცა ამ დრომდე კვლავ უცნობია კონკრეტულად, როდის და რა ფორმით ჩატარდება შიდა არჩევნები.


დღის ამბები