27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მილიონობით ლარის გათეთრების მცდელობა - რა დოკუმენტები მოიპოვა "კურიერმა" და რაში ედება ბრალი ბარიშ ინანს

დოკუმენტები, რომლის სიყალბეც ექსპერტიზამ დაადასტურა, "კურიერმა" მოიპოვა. სწორედ ამ საბუთებით სცადა 37 წლის მამაკაცმა ფულის გათეთრება.

საუბარია მილიონობით ლარზე-  თურქეთის მოქალაქემ სავარაუდოდ თაღლითური გზით მოპოვებული თანხების გათეთრება საქართველოში გადაწყვიტა. სქემა მარტივია - ბარიშ ინანმა ქვეყანაში შემოსვლიდან მალევე ანგარიში ქართულ ბანკში გახსნა, ციფრულ ანგარიშებზე კი მილიონობით ლარი შეიტანა.

თანხის წარმომავლობით თავდაპირველად ბანკი დაინტერესდა. ეჭვის გაჩენის შემდეგ, მამაკაცს ფულის ლეგალური გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსთხოვეს. საკითხის შესწავლისთვის საგამოძიებო სამსახურსაც მიმართეს. შოთაძის უწყებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ცდილობდა. პროკურატურამ ბარიშ ინანზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ბრალდებული ახლა გამოძიებას გაურბის. "კურიერის" ინფორმაციით, მან საქართველო უკვე დატოვა და ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლო პროცესებში დაუსწრებლად მონაწილეობას გეგმავს, ჰყავს ორი ადვოკატი- ქართველი და უცხოელი.

"კურიერმა" გაარკვია, რომ 37 წლის თურქი მამაკაცი ფინანსური დანაშაულისთვის საკუთარ სამშობლოშიც იძებნება. ის საბანკო ანგარიშები კი, რომელზეც შვიდ მილიონ ლარზე მეტი დევს, დაყადაღებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები