27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"გერმანიაში მართლაც ბევრი მეგობარი გყავთ, ვისაც თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სურს" - სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე

ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბუნდესტაგში იმყოფება. ქართველი დეპუტატები მოლაპარაკებებს იმ კომიტეტებთან მართავენ, რომლებიც გერმანიის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. მათ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ ასრულებს საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს.

მანამდე კი რაიხსტაგში შეხვედრა გაიმართა სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფთან. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს როლი რეგიონში სამშვიდობო პროცესებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

კომენტარი გააკეთა სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ. იოჰან დავიდ ვადეპული აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს მეგობარია და ქვეყანა აბსოლუტურად მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას საქართველოსთვის.   

"ჩვენ გვჭირდება ერთიანობა რუსული აგრესიის წინაშე და თუ საქართველო ჩვენ შემოგვიერთდება, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს იქნება მნიშვნელოვანი სრულიად ევროპისთვის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ. ამ გადმოსახედიდან, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, გერმანიაში და სხვა ევროპის სხვა ქვეყნებში გვაქვს მიმდინარე დისკუსიები ევროკავშირის გაფართოვების თემაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ ბალკანეთთან მიმართებაშიც. თუმცა, გერმანიაში მართლაც ბევრი მეგობარი გყავთ, ვისაც თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სურს. ამას დრო დასჭირდება, თუმცა თუ საქართველო გააგრძელებს განვითარებას ისე, როგორც ამას გასული თვეების მანძილზე აკეთებდა, მე ვხედავ რეალური შანსს, რომ ის იქნება წარმატებული და მომავალში ევროკავშირში შემოგვიერთდება," - აცხადებს იოჰან დავიდ ვადეპული. 

ვიზიტს აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ამბობს, რომ მომავალი წლის მარტში, ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოს ეწვევა.

"მეგობრები ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს, შესაბამისად, მათ აინტერესებდათ ჩვენ ხედვა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ მომავალი წლის მარტში, ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა საქართველოს,“ - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ  ბუნდესთაგი მრავალპარტიულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ასევე საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. 

"გერმანიის ბუნდესთაგი მრავალპარტიულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, როდესაც ჩვენ ესეთი მრავალპარტიული მხარდაჭერის იმედი და მოლოდინი გვაქვს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები