27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს ბერლინში.
საპარლამენტო დელეგაციამ, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენელიცაა დღეს ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

მთავარი შეხვედრა კი პარლამენტის ქართულ-გერმანულ მეგობრობის ფორუმთან გაიმართა, რომელიც საქართველოს ევროპული კურსის ლობისტია და დამატებითი პლატფორმაა სხვა ევროპულ კანონმდებლებთან მოსალაპარაკებლად.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

"მთავარი გზავნილები, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ დღევანდელი გერმანიის მთავრობა, ეს არის მთავრობა, რომელიც მომხრეა ევროკავშირის გაფართოების. ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იყო, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას და მათ შორის, პროცესზე, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

გერმანია უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

ეს არ უნდა იყოს პროცესი პროცესისთვის, არამედ უნდა იყოს პროცესი, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმ შედეგის მიღწევას, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ამასთან, გერმანიის პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ საქართველოს გერმანიის იმედი უნდა ჰქონდეს. 

"მე ვარ გერმანიის პარლამენტისა და ასევე ოპოზიციის წევრიც,. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს მთავრობასთან, ეს არის საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა. ამიტომაა ეს ვიზიტი ასეთი მნიშვნელოვანი. საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრაც ამას აჩვენებს.

რამდენიმე თვის წინ კანდიდატის სტატუსთან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ექსტრემალურად მნიშვნელოვანია, რომ ეს იმპულსი შენარჩუნდეს. რადგან ესაა მიმდინარე პროცესი და ჯერ არაფერი დასრულებულა, ესაა მთავრი გზავნილი საქართველოსადმი, რაშიც გერმანიის იმედი უნდა გქონდეთ,"- აცხადებს კნუტ აბრაჰამი.

დღის ამბები