ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, თუმცა კვალიფიციური მუშახელის პრობლემა კვლავ დეფიციტურია. გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ ბოლო 9 თვეში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 114 000 ადამიანია დასაქმებული.
კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი სამშენებლო და მომსახურების სფეროშია, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მოთხოვნა არის, დამსაქმებლები კვალიფიციურ კადრებს ვერ პოულობენ. ის სფეროები კი, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი მოქალაქე საქმდება, ვაჭრობა და ტურიზმია. მიუხედავად დადებითი მაჩვენებლებისა, მთავრობა ამბობს, რომ უმუშევრობის შემცირება მისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
მთავრობა ბიზნესთან სათანამშრომლოდ მზად არის. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მეტი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენცია მომდევნო წელსაც შენარჩუნდება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. ექსპერტები დადებითად აფასებენ მთავრობის ახალ სტრატეგიას, რაც ბიზნესთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითვალისწინებს.