27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
გადაიდება თუ არა თავმჯდომარის არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში"- ვინ ემხრობა და ვინ არ იზიარებს ამ იდეას პარტიაში

ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ახალი განხეთქილება არჩევნების გადადების საკითხმა გამოიწვია. ამჯერად, ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები ერთ მხარეს მდგომ ჯგუფში გაჩნდა. ნიკა მელიას მხარდამჭერებში აზრი ორად გაიყო, ნაწილი შიდა არჩევნების ჩატარებას რაც შეიძლება სწრაფად ელის, მეორე ნაწილი კი, ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია, პოლიტსაბჭოს არჩევნების გადავადებაზე საუბარი მოუწიოს.

არჩევნების გადადების იდეას ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები არ იზიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც პრიორიტეტულად სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ეს ჯგუფი ამბობს, რომ ახლა აუცილებელია, პარტიას რაც შეიძლება მალე ლეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავდეს.

არჩევნების გადადების საკითხთან ერთად, პარტიაში ამ დრომდე ვერ თანხმდებიან რა ფორმით უნდა აირჩიონ ახალი თავმჯდომარე. ორ გუნდად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზეც ორი აზრი არსებობს, ახლა პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს არჩევნები რომელი პრინციპით - "ბლოქჩეინითა" თუ "ფეისბუქით" ჩატარდება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა შიდა დაპირისპირება მხოლოდ გავლენების გაძლიერებისთვის მიმდინარეობს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროცესები ოპოზიციურ პარტიას არათუ აძლიერებს, არამედ ასუსტებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ამ ეტაპზე სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე, თუმცა, კონკრეტულად როდის იქნება შიდა არჩევნები ჯერ უცნობია.

დღის ამბები