27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
დღესაც, არაერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ გერმანია საქართველოს უყურებს როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში - ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში გრძელდება - ქართველი კანონმდებლები ხვდებიან კოლეგებს ბუნდესტაგიდან. ამასთან, დღეს სპიკერმა აუდინცია გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევრო ინტეგრაცია, ამ პროცესში გერმანიის როლი და იმ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა იყო, რომელიც ევროპამ ქვეყანას ერთგვარ ინსტრუქციად მისცა.

გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

"გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები დეტალურად არიან ინფორმირებული ჩვენი ნაბიჯების შესახებ და დღესაც, არაერთხელ, ხაზი გაესვა იმას, რომ გერმანია საქართველოს უყურებს როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორს კავკასიის რეგიონში, რომელიც უნდა იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია სამხრეთ კავკასიაში," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შეხვედრების ძირითადი თემა ორი ქვეყნის მეგობრობა, პარტნიორობა და გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერა იყო.

"გერმანიის როლი არის ძალიან სერიოზული ამ პროცესში და გერმანიის როლი არის ძალიან სერიოზული ასევე ევროკავშირის პოზიციებში. ჩვენი შეხვედრების ძირითადი თემა არის ჩვენი მეგობრობა, პარტნიორობა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერა, რომელიც აქვს საქართველოს,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.  

ქართულ გერმანული ფორუმის პრეზიდენტი, იოსეფ რიფი აღნიშნავს, რომ გერმანია მზად არის, დავეხმაროს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

"მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ საქართველოს დელეგაციას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გვახარებს თქვენი ქვეყნის პროგრესი და გვახარებს ის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დიდი ისტორია გვაკავშირებს," - ამბობს იოსეფ რიფი.

დღის ამბები