27 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება - "კურიერმა" გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის ჩვენება მოიპოვა, რომელიც ამბობს, რომ შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა

არ არის გამორიცხული რომ ბრალდებულთა სკამზე მალე სხვა პირებიც აღმოჩნდნენ.
მოსამართლემ დღეს არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი და ბრალდებულებს გირაოს შეფარდებაზე უარი უთხრა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს. 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პირს სხვადასხვა მუხლი აქვს წარდგენილი. მათ შორისაა გულგრილობა, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გასაღება და სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა.

პროკურატურამ დღეს საგამოძიებო ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა. ამ ორი თვის განმავლობაში კი ბრალდებულთა 9 კაციანი შემადგენლობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამ პერიოდში გამოძიებამ რამდენიმე ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, მათ შორის იმაზე თუ რამ გამოიწვია შადრევანში დენის გავრცელება.

"კურიერმა" დღეს საქმის მასალები მოიპოვა, სადაც წერია რომ შადრევანი ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ჩვენება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის, რომელიც წერს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას.

ლაშა ფურცხვანიძე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს. "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი მასთან ერთად დაკავებულ 8 პირთან ერთად, დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სამსახურეობრივი გულგრილობა, დოკუმენტის გაყალბება და უსაფრთხოების წესების დარღვევა - ამ დანაშაულში მხილებულთა ნაწილმა დღეს საკუთარი პოზიცია სხდომათა დარბაზში დააფიქსირა.

საქმეში უკვე დევს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სამხარაულის ბიუროს მომზადებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. დოკუმენტი "კურიერმა მოიპოვა. ის, რაც საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე კვირის წინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ექსპერტიზამაც დაადასტურა - ტრაგედია წყალში დაზიანებულმა კაბელმა გამოიწვია, რომელიც ხუფის მონტაჟის დროს დაზიანდა. გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, ლითონის ხუფები, სადაც ელექტროსადენები გადის, დამიწებული არ იყო, რამაც ავტომატური გათიშვის სისტემა უფუნქციო გახადა.

"კურიერმა" საქმის მასალებიდან ის მიღება-ჩაბარების აქტიც მოიპოვა, რომელიც მერიასა და შადრევნის რეაბილიტაციის შემსრულებელ კომპანია "გრინსერვის პლიუსს" შორის გაფორმდა. დოკუმენტს "გრინსერვისიდან" ხელს ლაშა ფურცხვანიძე აწერს. მერიიდან კი, ორი პირი. ერთ-ერთი მათგანი იუზა წერეთელია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი. მისი ჩვენების მიხედვით, შადრევანი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო.

დღის ამბები