27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სასჯელისგან გათავისუფლება ან პატიმრობის ვადის გადავადება - ვისთვის არის სააკაშვილის ავადმყოფობა სიმულაცია და ლომჯარიას წერილი სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ოჯახი მიხეილ სააკაშვილის ევროპაში გადასაყვანად ახალ გზას ეძებს, ეს გზა კი მათთვის სასამართლომდე მიდის. ამჯერად სასამართლომ გადაწყვეტილება მკურნალობის საკითხზე უნდა მიიღოს. ადვოკატებმა სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უკვე მოამზადეს სასჯელისგან გათავისუფლებისა და პატიმრობის გადავადების შუამდგომლობები. სხდომის ჩანიშვნამდე, სააკაშვილი დედამ პალატაში მოინახულა და მედიას უთხრა, რომ მის შვილს გადაადგილება უჭირს და წონაშიც იკლებს.

ექს-პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დასკვნის გასაჯაროება არ უნდა. ამ დასკვნას ელოდება სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ მეგობრის სტატუსით სააკაშვილის გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს. ომბუდსმენმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პალატაში ორი დღის წინ მოინახულა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტს წერილობითაც აცნობა.

ნინო ლომჯარიას პარლამენტიდან შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა ქვეყანაში სხვა მძიმე პატიმრებიც არიან, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ. მმართველი გუნდის დეპუტატებმა ომბუდსმენი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებთან დღეს კიდევ ერთხელ დააკავშირეს.

უნდა გადაიყვანონ თუ არა ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ - ეს საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ბრალდებების მიზეზია. "ნაციონალურ მოძრაობაში" მსჯავრდებული სააკაშვილის პატიმრობის გადავადებაზე უარს პოლიტიკურ შურისძიებად მიიჩნევენ.

"ქართული ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი არ უნდა გახდეს. მმართველი გუნდის წევრების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე სასამართლომ უნდა მიიღოს.

მიხეილ სააკაშვილი ნახევარ წელზე მეტია კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. იუსტიციის მინისტრმა გუშინ ოჯახს საქართველოში ნებისმიერი ქვეყნიდან სასურველი ექიმების ჩამოყვანაც შესთავაზა, საზღვარგარეთ გადაყვანაზე კი თქვა, რომ უწყებას ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.



დღის ამბები