თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენით, "კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება" გაიხსნა.
ექსპოზიციაზე ჰრინევსკის 200-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში იყო დაცული. ნახატები დღეს პირველად გამოიფინა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრიც დაესწრო.
"სამხატვრო აკადემიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა. მას სათავეში ჩაუდგა, ცნობილი მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, რომლის ბევრ სხვა დამსახურებასთან ერთად უნდა აღინიშნოს, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ეს არის ახალგაზრდების მიმართ სათანადო მოპყრობა და დიდი სიყვარული. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენ გავხსენით პირველი გამოფენა სამხატვრო აკადემიაში,"-აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 5 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.