27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
პროკურორი: რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებულის მიმართ მხარს დავუჭერთ პატიმრობის ძალაში დატოვებას, ვინაიდან პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მიზნები კვლავ სახეზეა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი აცხადებს, ყველა დაკავებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მიზნები კვლავ სახეზეა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ყველა ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ პატიმრობის ძალაში დატოვებას. ვინაიდან პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მიზნები კვლავ სახეზეა. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, წინა სასამართლოს სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სამედიცინო და შრომის უსაფრთხოების კუთხით ექსპერტიზა. ასევე საინჟინრო, ტექნიკური ექსპერტიზა. წინა სასამართლო სხდომა დაახლოებით 2 თვით გახანგრძლივდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვა,"-აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

 

დღის ამბები