27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
დარჩება თუ არა პატიმრობაში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი- რა პოზიციები აქვთ ბრალდებულის ადვოკატებს და რა შუამდგომლობით წარსდგენიან სასამართლოს წინაშე 

დარჩება თუ არა პატიმრობაში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირი- სხდომა უკვე ერთი საათია რაც მიმდინარეობს. ადვოკატები პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულების ციხეში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

როგორც გიორგი ვახტანგიშვილის ადვოკატი აცხადებს, სასამართლოზე დააყენებენ შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების თაობაზე. ლაშა ცუცქირიძე მის შუამდგომლობას იმ მოტივით ხსნის, რომ ბრალდებული გიორგი ვახტანგაშვილის მხრიდან მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს. 

"რა თქმა უნდა, გიორგი ვახტანგაშვილი არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ მიიმალება და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, ასევე არ განახორციელებს მოწმეებზე ზემოქმედებას. ამ საფუძვლებთან მიმართებაში ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გაუქმდეს და არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.  იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევს მოსამართლე, რომ გიორგი ვახტანგაშვილს შეეფარდოს სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება- თვითონ მივანდობთ მოსამართლეს ამ საკითხს,"-აცხადებს ლაშა ცუცქირიძე.

ამასთან, წინამორბედის მსგავსი პოზიცია აქვს კიდევ ერთი ბრალდებულის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატს.როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, გამოძიება არ ფლობს ისეთ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ლაშა ფურცხვანიძე პატიმრობაში უნდა დატოვოს. 

"ამ პერიოდის განმავლობაში, უფრო და უფრო ნაკლები არგუმენტები დარჩა ბრალდების მხარეს იმისთვის, რომ პატიმრობა იყოს შენარჩუნებული. დღეს, ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ არსებული მასალები არსებული ინფორმაცია არ იძლევა იმის საშულებას, რომ პატიმრობა შემდგომ პერიოდში შენარჩუნდეს,"-აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

უფლებადამცველებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო ბრალმდებელს. არჩილ ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს შენარჩუნებული. 

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.ბრალდებულებს სხვადასხვა სახის დანაშაულს ედავებიან.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები