დედაქალაქში, საცობის პრობლემის გადასაჭრელად კახი კალაძეს კონკრეტული გეგმა აქვს. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დამატებით 10 დერეფანი მოეწყობა - ამ ხაზში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებს. იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა. თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მოქალაქეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტული გადაადგილებაა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლების გარდა, იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ახალი 40 ვაგონის შეძენა. გარკვეულია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპიც, რომელიც "ა" კატეგორიის მძღოლებისთვის ნებართვის უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები.
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მეორე ეტაპის პრეზენტაციას მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გაეცნენ. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მერიის გეგმაში ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაა გათვალისწინებული.
სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია დედაქალაქის მერიამ 2018 წელს შეიმუშავა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მეორე ახლა იწყება.