27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
უკრაინა ისევ მასირებული სარაკეტო დარტყმის მოლოდინშია - რა ვითარებაა ქვეყანაში ომის 279-ე დღეს

საწარმოები, კვების ობიექტები და საცხოვრებელი სახლები - რუსეთმა სუმის ოლქის მიმართულებით 129 რაკეტა გაუშვა. დაბომბვას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჰოსპიტალიზებულია 20. აფეთქებების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მსხვერპლია ლიმანშიც. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი - დაშავდა 3.

ვინიცის ოლქში საოკუპაციო ძალამ თბოელექტროსადგური დაბომბა. უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რომლის 70 პროცენტიც ფაქტობრივად სრულად განადგურებულია,ოფიციალური კიევი მასშტაბურ შეტევას მიმდინარე კვირაშიც ელოდება. ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე აგრესორმა უკრაინის წინააღმდეგ 16 ათასი რაკეტა უკვე გამოიყენა. სამიზნეთა 97 პროცენტი სამოქალაქო ობიექტები იყო. ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების კიდევ ერთი ცნობის თანახმად, რუსები უახლოეს პერიოდში ბელარუსიდან საკუთარი ჯარების ცალკეული ნაწილების გადმოსაყვანად ემზადებიან. მიზეზი - პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგია. უკანასკნელი, მასშტაბური ზიანი ოკუპანტს ენერგოდარში მიადგა. უკრაინელი სამხედროების შეტევის შედეგად, ლიკვიდირებულია 150-მდე რუსი ჯარისკაცი. განადგურებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა და 5 საფრენი აპარატი. წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავებზე.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის ოლქში. რუსული არმია უკრაინელი სამხედროების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. პარალელურად კარგავს კონტროლს ოკუპირებულ დასახლებებზე.

ამის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებულებაზე საუბრობს "ნიუ იორკ თაიმსი". გამოცემის ინფორმაციით, დეოკუპირებული ხერსონის ერთ-ერთ სოფელში კიდევ ერთი მასობრივი სამარხია აღმოჩენილი. იდენტიფიცირებულია 10 დახვრეტილი ცხედარი, რომელთაც ხელები შეკრული ჰქონდათ. ისინი ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლები იყვნენ, რომელთაც ოკუპანტები ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს.


დღის ამბები